საქართველოში ხელბურთს XX საუკუნის 20-იანი წლებიდან თამაშობენ. ამიერკავკასიის გუნდმა მონაწილეობა მიიღო 1928 წლის სპარტაკიადაში. შემდეგ კი ეს თამაში მივიწყებულ იქნა. ორმოცდაათიან წლებში კი ხელბურთი კვლავ იწყებს გამოცოცხელბას. 1956 წლიდან საქართველოს ხელბურთელთა გუნდები გამოდიან შეჯიბრებაში. 1957 წელს მოსკოვში გამართულ ახალგაზრდობის III საერთაშორისო ფესტივალზე საბჭოთა კავშირის ხელბურთელთა ნაკრები გუნდის ღირსებას იცავდა თბილისელი მეკარე არტურ რატიანიძე.
1962 წლიდან ტარდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ხელბურთში. ამ ჩემპიონატში პირველი ადგილი ვაჟთა შორის დაიკავა თბილისის „ბურევესტნიკმა“, ასევე წარმატებას მიაღწია მან 1964 წელს. თბილისის „ბურევესტნიკმა“ არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.
თბილისში 1966 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ პრიზზე. 1961, 1964 და 1967 წლებში მსოფლიო პირველობაზე სსრ კავშირის ნაკრების სახელს იცავდა ჯემალ ცერცვაძე, იმედო ფხაკაძე, ანზორ ექსეულიძე და ჯემალ აბაიშვილი.