logo

News Calendar

March 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

17-წლამდელ ხელბურთელთა ნაკრები ბოლო შეკრებას გადის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 1-5 ივლისს შვედეთში, გეტებორგში გაიმართება. 14-20 ივნისს გუნდს ერთკვირიანი კემპი ჰქონდა გლდანის ხელბურთის აკადემიაში, ხოლო 21-23 ივნისს, იქვე, სამი ამხანაგური მატჩი აქვს აზერბაიჯანელ თანატოლებთან. 

ჩვენს გუნდს ხელმძღვანელობენ გიორგი გვაზავა, გიორგი სახვაძე და გიორგი ხელისუფალი, ხოლო კემპზე ნაკრებთან ერთად მუშაობდა სამი უცხოელი სპეციალისტი: სერბები დამირ სტოიანოვიჩი და მარკო შეშუმი, ასევე ბერძენი ვასილის ანასტასელოსი. სტოიანოვიჩი ხელბურთის მწვრთნელია, შეშუმი - ფიზიკური მომზადების, ხოლო ანასტასელოსი მეკარეებს წვრთნის. გუნდს 14 ივნისიდან ორჯერადი წვრთნა ჰქონდა. 21 მოთამაშე დილით ინდივიდუალურ ოსტატობაში ვარჯიშობდა, ხოლო საღამოს - გუნდურ მანევრებს ამუშავებდა.

17-წლმდელთა გუნდს პირველი შეკრება მარტში, წყალტუბოსა და ქუთაისში ჰქონდა, მაისში ნაკრები თბილისში ვარჯიშობდა, ხოლო ახლა საბოლოო შეკრებაზეა. ამჟამად 21 მოთამაშე ვარჯიშობს. საბოლოო შემადგენლობას მწვრთნელები მომდევნო კვირაში, ამხანაგური მატჩების შემდეგ დაასახელებენ. გუნდი შვედეთში 29 ივნისს გაემგზავრება.  პირველი შეკრების შემდეგ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. დღევანდელი ვარჯიშიდან გუნდს შეუერთდა ნიკოლოზ კალანდაძე, რომელიც აქამდე ეროვნულ ნაკრებში იყო დაკავებული.

რაც შეეხება უცხოელ მწვრთნელთა სამეულს, სტოიანოვიჩი, შეშუმი და ანასტასელოსი საქართველოში რჩებიან და 24-30 ივნისს გლდანში კემპს უკვე გოგონათა 19 და 17-წლამდელთა ნაკრებებთან ჩაატარებენ. წლეულს ამ გუნდებსაც ევროპის ჩემპიონატი აქვთ: უფროსებს 15-21 ივლისს კლაიპედაში, ლიტვა და უმცროსებს - 3-11 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში.

ევროპის ჩემპიონატზე, შვედეთში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ითამაშებს C ჯგუფში ესპანეთთან, ნორვეგიასთან, ფარერის კუნძულებთან, ისრაელთან და ესტონეთთან. ევროპის შარშანდელი, 18-წლამდელთა ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ჩვენი ნაკრები მესამე ნომრად იყო განთესილი. სულ მონაწილეობს 24 გუნდი. ჯგუფების 2-2 გამარჯვებული ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს, მე-3-4 ადგილებზე გასულები 9-16 ადგილებისთვის ითამაშებენ, მეხუთეადგილოსნები - მე-17, ხოლო ბოლო ადგილზე დარჩენილი გუნდები - 21-ე ადგილისთვის.

ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი არის ჭაბუკთა ხელბურთის უდიდესი ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი. გეტებორგში ყოველწლიურად იკრიბება ათასზე მეტი კლუბი და 10 ათასზე მეტი ხელბურთელი 12 სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. აქედან ერთი ტურნირი, კენტ წელიწადს 17 წლამდელ ჭაბუკთა, ხოლო ლუწ წლებში - 16-წლამდელ გოგონათა შეჯიბრება სანაკრებო დონეზეა და 2017 წლიდან ოფიციალურად ჰქვია ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები გუნდები გეტებორგში უწყვეტად თამაშობენ 2015 წლიდან. 2017 წელს ამ შეჯიბრებაზე გიორგი ცხოვრებაძე გახდა საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო მარჯვენა ინსაიდი, რის შემდეგაც საფრანგეთის მონპელიეში მოხვდა.

ხელბურთი. საქართველოს 17წ ნაკრები. 13-23 ივნისი, შკრება გლდანში

მეკარეები: ნოდარ ანთიძე (BSB ბათუმი), ნაზიმ ალიევი (ქარიშხალა), ლუკა გორგოძიანი (პეგასი)

მარცხენა გარემარბები: დავით გაბაიძე (აჭარა), გიორგი შუბითიძე (პეგასი)

მარჯვენა გარემარბები: ნოდარ კოხრეიძე (პეგასი), მალხაზ ადამია (სამტრედია), აკაკი ძამაშვილი (ყვარელი)

უკანა ხაზი:  გიორგი ბჟალავა, დავით ფანცულაია (ფოთი), გიორგი ხომერიკი, გიორგი აფრიდონიძე (სამტრედია), გოჩა თურმანიძე (BSB ბათუმი), გიორგი დუმბაძე (აჭარა), აკაკი პატაშური, ნიკოლოზ კალანდაძე, გუგა უთმელიძე (პეგასი), თორნიკე ნაწილაშვილი (ყვარელი)

ხაზის მოთამაშეები: დავით ჟვანია (პეგასი), გიორგი მუკბანიანი (ქარიშხალა), ალექსანდრე ცხადაია (BSB ბათუმი)

მწვრთნელები: გიორგი გვაზავა, გიორგი ხელისუფალი, გიორგი სახვაძე ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი

-- 

ევროპის 17 წ. ჩემპიონატი. ჭაბუკები. 1-5 ივლისი, გეტებორგი, შვედეთი

A ჯგუფი. შვედეთი, ჩეხეთი, რუსეთი, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბრიტანეთი

B ჯგუფი. ისლანდია, ავსტრია, ჰოლანდია, მონტენეგრო, რუმინეთი, იტალია

C ჯგუფი: ესპანეთი, ნორვეგია, საქართველო, ფარერები, ისრაელი, ესტონეთი

1 ივლისი. საქართველო - ესპანეთი, საქართველო - ისრაელი

2 ივლისი. საქართველო - ნორვეგია

3 ივლისი. საქართველო - ფარერები, საქართველო - ისრაელი

D ჯგუფი: უნგრეთი, ბელარუსი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, ბელგია

მეორე ეტაპი, 4-5 ივლისი. 1-8, 9-16, 17-20, 21-24 ადგილები





Our partners: