logo

News Calendar

March 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

საქართველოს ჩემპიონი ქალთა ხელბურთში გახდა ფოთის ოქროს ვერძი,  რომელმაც ფინალში, თბილისის სპორტის სასახლეში 32-25 დაამარცხა ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული თბილისის ქარიშხალა. 

თავიდან ქარიშხალა დაწინაურდა - უპირატესობა რამდენჯერმე 3 ბურთს აღწევდა, მაგრამ ოქროს ვერძმა მე-18-23 წუთებზე, როდესაც ანგარიში 7-10 იყო, ზედიზედ გაიტანა 5 გოლი (12-10) და ტაიმიც ორბურთიანი უპირატესობით მოიგო, 18-16.

შესვენების შემდეგ ქარიშხალა მთელი 11 წუთი უგოლოდ იყო, ფოთელთა ლიდერმა ჯგერენაიამ კი ზედიზედ ხუთჯერ გაიტანა. ანგარიში 23-16 გახდა, საბოლოოდ კი ოქროს ვერძმა 32-25 მოიგო, ნენო ჯგერენაიას პირად ანგარიშზე გოლების ზუსტად ნახევარი, 16 ბურთა, მოგებაში კი არანაკლები წვლილი ჰქონდა მეკარე ქრისტინე ჯავახიას,  რომელსაც ფინალში 20 მოგერიება დაუგროვდა.

ფოთის სახელბურთო სკოლას ათეულობით წლებია, ხელმძღვანელობს ქართული ხელბურთის ვეტერანი დარეჯან გეფერიძე, წლევანდელი ორი ტიტული კი მან თავის მოწაფეებთან, გელა ჟვანიასა და თემურ ჭანტურიასთან ერთად მოიპოვა. ამ სეზონში ოქროს ვერძი საქართველოს ჩემპიონი კიდევ ერთ კატეგორიაში, 17-წლამდელ გოგონებში გახდა, 15-წლამდელ ჭაბუკებში კი კლუბმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

ბრინჯაოს ფინალში ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონმა, ყვარელმა 30-25 დაამარცხა სამტრედია.

ქალთა ეროვნული ჩემპონატის გათამაშება, დიდი პაუზის შემდეგ, 2015-16 სეზონში განახლდა. უკვე გაიმართა 4 ჩემპიონატი და ოთხივეს სხვადასხვა გამარჯვებული ჰყავდა - პეგასი, ყვარელი, ქარიშხალა და ფოთი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ქალები, უმაღლესი ლიგა

23 მაისი, თბილისის სპორტის სასახლე

ფინალი. ოქროს ვერძი ფოთი - ქარიშხალა 32-25

ფოთ: ჯავახია (20 მოგერიება), ფიფია (1) - ჯგერენაია 16, სურგულაძე 6, გოგია 5, ბჟალავა 2, გვათუა 2, რურუა 1, კუპრიევა, კობახია, ბაირამიდი - მწვ. ჟვანია, გეფერიძე, ჭანტურია

ქარ: არაბაჯევი (9) - ა. ჩხაიძე 7, მ. ცინცაძე 6, ი. ჩხაიძე 5, ქ. ცინცაძე 4, ციცქიშვილი 3, ხმელაძე, კირვალიძე, ჩხეტიანი, თათარაშვილი, ბიძინაშვილი, კაკაბაძე, კვეკვესკირი, რაზმაძე, ქარჩავა, დაღოძე - მწვ. ციცქიშვილი 

მსაჯები: გ. გველესიანი - ი. ჭკუასელი

3 ადგილისთვის. ყვარელი - სამტრედია 30-25

ყვ: ამონაშვილი (14) - ქიტესაშვილი 11, თეთრაშვილი 8, სმოიანი 5,  თავღორიშვილი 3, სურამლიშვილი 3, მ. ტეტოშვილი, დ. ტეტოშვილი, აფციაური, კოკორაშვილი - მწვ. ხარებაშვილი, ღონიაშვილი

სამ: კოპალეიშვილი (13) - ესაკია 10, ცირეკიძე 5, რუსია 3, ჩხაიძე 3, ბურკაძე 2, ფოცხვერია 1,  ტყეშელაშვილი 1, კარტოზია, ჩოგოვაძე - მწვ. ხონელიძე, ხელისუფალი

მსაჯები: რ. ლოშაკი - ა. შაიბაკოვი (უკრ)

დელეგატები: ლ. მარგიანი, ლ. გელაშვილი, ვ. ბერიაშვილი, მ. ჩიხლაძე

ქალთა ეროვნული ჩემპიონატის პრიზიორები, 2016-19

2016 (6 გუნდი) 1. პეგასი 2. ყვარელი 3. მამული

2017 (6) 1. ყვარელი 2. მამული 3. პეგასი

2018 (8) 1. ქარიშხალა 2. მამული 3. ფოთი

2019 (8) 1. ფოთი 2.  ქარიშხალა 3. ყვარელი





Our partners: