logo

News Calendar

March 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1 2 3 4
opacity

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ თბილისის პეგასი და სამტრედია. 2017 წლის ჩემპიონმა, პეგასმა 46-31 დაამარცხა აჭარა, ხოლო ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა სამტრედიამ 41-33 მოუგო ბათუმის შავი ზღვის ბიჭებს. ფინალი ხვალ გაიმართება გლდანის ხელბურთის ცენტრში. 

პირველ ნახევარფინალში პეგასის უპირატესობა თავიდანვე თვალსაჩინო იყო. შესვენებაზე აჭარელებმა ექვსამდე შეამცირეს სხვაობა (15-21), მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისშივე თბილისელთა უპირატესობამ 10 ბურთს გადააჭარბა და საბოლოოდ თხუთმეტს უწია - 46-31.

შავი ზღვის ბიჭებმა სამტრედიას 19-15 მოუგეს თამაშის ნახევარი, ხოლო აქედან 13 გოლი ბათუმელთა ლიდერმა, თურმანიძემ გაიტანა. მეორე ნახევარში სამტრედიელთა მწვრთნელებმა აქტიური დაცვის ყველა შესაძლო ვარიანტი მოსინჯეს, მაგრამ დასრულებამდე 15 წუთით ადრე ბათუმი ისევ 4 ბურთით იყო წინ, 28-24. ბოლო მცდელობა თურმანიძის პერონალურად აყვანა იყო, ამასთან ერთად, სამტრედიამ ერთსა და იმავე ტემპში ჩაატარა მთელი 60 წუთი, ბათუმელებს კი ბოლოსკენ დაღლა დაეტყოთ. მატჩის ბოლო მეოთხედი შარშანდელმა ჩემპიონმა 17-5 მოიგო, ჯამში კი - 41-33.  სამტრედია ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში.

ხვალ 11 საათზე  ორი აჭარული გუნდი ითამაშებს მესამე ადგილისთვის, ხოლო 13 საათზე ფინალური მატჩია. სამტრედია და პეგასი ამ სეზონში ერთხელ, მეორე ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. თამაში პეგასმა მოიგო, 22-15.

საქართველოს ჩემპიონატში უფროსი ასაკის, 17-წლამდელ ჭაბუკებს შორის, 15 გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება სამ ეტაპად მეწყო. სექტემბრიდან მარტამდე გამოვლინდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგების ჩემპიონები (პეგასი და აჭარა) და 5-5 საუკეთესო გუნდი, რომლებმაც ბრძოლა უშუალოდ საქართველოს ჩემპიონობისთვის განაგრძეს. მეორე ეტაპზე,  აპრილში, შეირჩა 4 ნახევარფინალისტი.

1-5 ივლისს საქართველოს ამ ასაკის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატი აქვს გეტებორგში, შვედეთი.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19. ჭაბუკები, 17 წ

გლდანი, 11 მაისი, ნახევარფინალი

პეგასი - აჭარა 46-31

პეგ: გორგოძიანი - ჟვანია 9, კოხრეიძე 8, კალანდაძე 6, შუბითიძე 6, უთმელიძე 6, პატაშური 4, კობახიძე 3, გრიშიკაშვილი 2, ჭანტურია 1, ჩეჩელაშვილი 1, ა. არეშიძე, ლანჩავა, გ. არეშიძე - მწვ. კალანდაძე, სახვაძე

აჭ: ცინცაძე, თემ. ქამადაძე - გაბაიძე 8, ზაქარაძე 7, თორ. ქამადაძე 7, დუმბაძე 4,  ფარტენაძე 2, აბულაძე 2, ისმაილოვი 1, დავითაძე - მწვ. სიხარულიძე, ურუშაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

BSB ბათუმი - სამტრედია 33-41

ბათ: ანთიძე - თურმანიძე 17, კახიძე 4, ჭურკვეიძე 4, ცხადაია 4, კაკულია 3, გორდელაძე 1, სტოლბოვი, ჯიჯავაძე - მწვ. კაკულია

სამ: გოგიჩაიშვილი, დუნდუა - ხელისუფალი 11, აფრიდონიძე 8, ხომერიკი 7, ნადირაძე 7, ადამია 6, ქავზინაძე 1, მანაგაძე 1, ახობაძე - მწვ. ხელისუფალი, ქავზინაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი - თ. კევლიშვილი, დელეგატები: ლ. გელაშვილი, თ. ჩოგოვაძე

12 მაისი

11:00 აჭარა - BSB ბათუმი, მესამე ადგილისთვის

13:00 პეგასი - სამტრედია, ფინალი





Our partners: