ქეთევან ვენეცკი 7 გოლით საუკეთესო იყო კოსოვოს სახელბურთო ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც ისტოგუმ 28-20 დაამარცხა ვუშტრია.  

ეს ამ გუნდების მესამე მატჩი იყო ახალ სეზონში. ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტოგუმ ორჯერ მოუგო მეტოქეს - 26-21, 31-24 და გავიდა მეთექვსმეტედფინალში, სადაც ნოემბერში ორჯერ შეხვდება ბელარუსის ვიქტორია ბერესტიეს. ამავე ეტაპზე მედეა ჩოხელი კუმანოვო ეთამაშება უკრაინის გალიჩანკა ლვივს.

-კოსოვოში პირველად 2017 წელს მოვხვდი, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესრჩევი ტურნირი ითამაშა. - გვიამბობს ქეთევან ვენეცკი. - კოსოვოს და ისრაელის ნაკრებს სერიოზული ბრძოლა გავუმართეთ და ჩემი მომავალი კლუბის, ისტოგუს ხალხი მაშინვე დამიკავშირდა, რადგანაც გუნდში ცაცია სჭირდებოდათ.

მაშინ პეგასის მოთამაშე ვიყავი, 2017-18 წლების სეზონი კი აზერბაიჯანში, იდმანის აკადემიის გუნდში გავატარე. 2018 წლის შემოდგომაზე გადავედი იტოგუში. ევროტურნირებზე ორივე მატჩი მოვუგეთ იტალიის კასანო მანიანოს, მაგრამ მე ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე და წელიწადზე მეტი ვმკურნალობდი, ისტოგუ კი იმ სეზონში ჩემპიონი გახდა.

კოსოვოში 2020 წლის დასაწყისში დავბრუნდი. სეზონი ზუსტად მაშინ შეჩერდა პანდემიის გამო, თუმცა, ივნისში განახლდა. ჩემპიონი გახდა ფერიზაი, რომელიც ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალში პირდაპირ დაუშვეს. პრიზიორები, ისტოგუ და ვუშტრია კვალიფიკაციაში მოვხვდით. გარდა ამისა, ივნისში ვუშტრიასთან კოსოვოს თასის ფინალიც წავაგეთ. ქალთა ჩემპიონატში 12 გუნდი გამოდის. კოსოვო ყოფილი იუგოსლავიის ნაწილია და ხელბურთის თამაში იციან.

წლევანდელ ჩემპიონატში სულ ორი მატჩი გვაქვს ნათამაშები: 36-17 მოვუგეთ სამადრეჯას, 28-20 ვუშტრიას. პირველ თამაშში 4 გოლი გავიტანე, მეორეში 7 და ყველაზე შედეგიანი ვიყავი. კლუბის საკმაოდ ძლიერია. ჩემს გარდა კიდევ სამი უცხოელია - მონტენეგროელები: ესმა მურატოვიჩი, სუზანა უიკიჩი და ნატალია მილატოვიჩი. გამთამაშებელმა, მურატოვიჩმა ევროპის თასის ორ მატჩი 22 გოლი გაიტანა. ჩემს ანგარიშზე 7 იყო.

ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალი ვიქტორია ბერესტიესთან სათამაშო დღეებია 14-15 და 21-22 ნოემბერი, თუმცა, ევროტურნირებზე ხშირად ხდება, რომ ორივე მატჩს ერთი გუნდი მასპინძლობს. ჩვენი კლუბები ჯერ ვერ შეთანხმდნენ - ბელარუსებსაც და  ჩვენებსაც სურთ, ორივე თამაში შინ ჩაატარონ. თუ ვერ შეთანხმდნენ, მაშინ ჩვეულებრივი, შინ/სტუმრად ფორმატი იქნება.

TPL_A4JOOMLA-LAKESIDE3R-FREE_FOOTER_LINK_TEXT